სიახლეები
06 აგვისტო
2026

სააგენტომ საინფორმაციო დაფები განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, მთაწმინდის გამგეობასთან თანამშრომლობით, რაიონში განათავსა საინფორმაციო დაფები, რომლებიც ძაღლების გასეირნებისა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მათი გადაადგილების წესებს ეხება.

ინიციატივის მიზანია, შინაური ცხოველის მოვლა- პატრონობის სფეროში მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება, ასევე, მოქმედი წესებისა და მოთხოვნების შესახებ ინფრმაციის გავრცელება.

შეგახსენებთ, რომ სააგენტოს რეაგირების ჯგუფები ყოველდღიურად ახორციელებენ მონიტორინგს და ამოწმებენ შინაური ცხოველების რეგისტრაციისა და გასეირნების წესების დაცვას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103² მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის ბულვარში, პარკსა და სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე გასეირნება 150 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

ამავე ნორმის თანახმად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შინაურ ცხოველთან ერთად მგზავრობა დაუშვებელია საბლის ან ალიკაპის გარეშე, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის გადაყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური სატარებელი კონტეინერის გამოყენებით.

აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, 150-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.