შორენა ბუხრაშვილმა და დავით ნარმანიამ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალური თავშესაფარი დაათვალიერეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე - შორენა ბუხრაშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალურ თავშესაფარს ეწვივნენ, სადაც ბრიტანული ცხოველთა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია "MAYHEW INTERNATIONAL"-ის წამომადგენელს ქეროლაინ უეტს შეხვდნენ.
საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა და ქალაქის მერმა, ბრიტანელ სტუმართან ერთად თავშესაფარი დაათვალიერეს და ცხოველთა მდგომარეობას გაეცვნენ.
როგორც შორენა ბუხრაშვილმა აღნიშნა, ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მუდმივი კავშირი აქვთ საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიასთან და მონიტორინგის სააგენტოსთან, რომელსაც ეს უცხოური ორგანიზაცია ცხოველთა სამკურნალო ინვენტარით და სხვა საჭირო აღჭურვილობით ეხმარება.
მისივე თქმით, გარდა ამისა, ბრიტანული არასამთარობო ორგანიზაციის წარმომადგენლები თავშესაფრის თანამშრომლებისთვის ტრენინგებს ატარებენ და გამოცდილებას უზიარებენ.
„აღნიშნულ ბრიტანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. მათთან კავშირი გვქონდა მაშინაც, როდესაც შინაური ცხოველების მოვლა პატრონობის, მათი პოპულაციების მართვის წესზე ვმუშაობდით.
ბრიტანელი სპეციალისტები ქართველ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებენ. რეგულარულად ატარებენ ტრენინგებს კასტრაციისა და სტერილიზაციის ოპერაციებთან დაკავშირებით. ამჯერად მათ თავშესაფარს საჩუქრად აღჭურვილობა ჩამოუტანეს და მედიკამენტები, ვეტერინარული ინვენტარი, საოპერაციო იარაღები და პოსტოპერაციული ჭრილობის დამცავი რგოლები გადასცეს.
ლონდონმა არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით მიაღწია იმას, რომ მათ ტერიტორიაზე უპატრონო ცხოველი არ არის. ამიტომაც მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარი უკვე გარემონტებულია, ხოლო ცხოველთა ვოლიერების დიდი ნაწილი - მოწყობილი.
აღსანიშნავია, რომ 29 ივლისიდან პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან, უკრაინიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, ეგვიპტიდან, ესტონეთიდან, ბულგარეთიდან, ტუნისიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან ჩამოსული მოხალისეები სააგენტოს თანამშრომლებს ცხოველების სადგომების დასუფთავებაში, მათთვის საკვებით უზრუნველყოფასა და გასეირნებაში დაეხმარებიან.