სიახლეები
04 სექტემბერი
2026

სააგენტომ საინფორმაციო დაფები განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, ვაკის რაიონის გამგეობის ჩართულობით, რაიონში არსებულ სკვერებსა და პარკებში ძაღლების გასეირნებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მათი გადაადგილების წესების საინფორმაციო დაფები განათავსა.
აქტივობის მიზანია, მოქალაქეებისთვის მოვლა-პატრონობის წესების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების ამაღლება.
ამასთან, სააგენტოს ეკიპაჟები სხვადასხვა ტერიტორიაზე ყოველდღიურად ახორციელებენ მონიტორინგს და ამოწმებენ შინაური ცხოველების რეგისტრაციისა და გასეირნების დადგენილი წესების შესრულებას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103² მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის ბულვარში, პარკსა და სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე გასეირნება 150 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.
ამავე ნორმის თანახმად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შინაურ ცხოველთან ერთად მგზავრობა დაუშვებელია საბლის ან ალიკაპის გარეშე, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის გადაყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური სატარებელი კონტეინერის გამოყენებით.
აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, 150-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.