სიახლეები
17 სექტემბერი
2026

პარკებსა და სკვერებში საინფორმაციო დაფები განთავსდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ამჯერად ჩუღურეთის რაიონის პარკებსა და სკვერებში განათავსა საინფორმაციო დაფები, რომლებიც ძაღლების გასეირნებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მათი გადაადგილების წესებს გვაცნობს.

აქტივობა ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ჩართულობით განხორციელდა. მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ძაღლების გასეირნების წესის დარღვევის პრევენცია.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103² მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკსა და სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა) ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე გასეირნება 150 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

ამავე ნორმის თანახმად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შინაურ ცხოველთან ერთად მგზავრობა დაუშვებელია საბლის ან ალიკაპის გარეშე, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის გადაყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური სატარებელი კონტეინერის გამოყენებით.

აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, 150-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.