მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან მიუსაფარი ძაღლები გადმოჰყავთ
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს პოპულაციის მართვის ცენტრში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან მიუსაფარი ძაღლები გადმოჰყავთ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ძაღლებს სტერილიზაცია-კასტრაცია და ანტირაბიული ვაქცინაცია უტარდებათ. სამედიცინო პროცედურების დასრულების შემდეგ სურსათის ეროვნული სააგენტო მათ ბუნებრივ არეალში აბრუნებს.
პროექტი მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობის დაცვა და მათი პოპულაციის ჰუმანური მეთოდებით ეტაპობრივი მართვა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის დაწყება მნიშვნელოვანი ეტაპია მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის სისტემური, კოორდინირებული და ეფექტური მიდგომის გაძლიერებისთვის.