ელიზბარაშვილის თავშესაფრიდან ძაღლები შემოიყვანეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თავშესაფარში სტერილიზაცია/კასტრაციის მიზნით, თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრიდან ძაღლები შემოიყვანეს.
თავშესაფარში სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა მხოლოდ მიუსაფარ ცხოველებზე არ ვრცელდება. აღნიშნული სერვისით სარგებლობენ როგორც შინაური ცხოველების მეპატრონეები, ისე სხვადასხვა ორგანიზაციები.
შეგახსენებთ, რომ სტერილიზაცია-კასტრაცია ცხოველებზე ზრუნვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ემსახურება. ის პოზიტიურად ცვლის ცხოველის ქცევას: მცირდება აგრესია და ტერიტორიის მონიშვნის სურვილი; მნიშვნელოვნად მცირდება სიმსივნური და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების რისკი და დაახლოებით, 3-5 წლით იზრდება ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა.
1990 წელს საერთაშორისო ორგანიზაციებმა - “World Health Organisation” და “World Animal Protection” გამოაქვეყნეს ანგარიში, რომლის მიხედვითაც მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ყველაზე ეფექტურ მეთოდად აღიარებული სწორედ სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამაა, სადაც აქცენტი გასტერილებული პოპულაციის შექმნაზე კეთდება, რაც მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის ჰუმანური მეთოდით შემცირების ერთადერთი გზაა.