სიახლეები
21 ოქტომბერი
2026

სკვერებში საინფორმაციო დაფები განთავსდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას აგრძელებს.
კრწანისის რაიონის გამგეობის ჩართულობით, რაიონის სკვერებსა და პარკებში საინფორმაციო დაფები განთავსდა, რომლებიც მოქალაქეებს ძაღლების გასეირნებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დადგენილ წესებს აცნობს.
აქტივობის მიზანია მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და ძაღლების გასეირნების წესის დაცვის ხელშეწყობა.
ასევე, სააგენტოს ეკიპაჟები დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ყოველდღიურად ახორციელებენ მონიტორინგს, რათა უზრუნველყონ შინაური ცხოველების რეგისტრაციისა და გასეირნების წესების დაცვის კონტროლი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103² მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის ბულვარში, პარკსა და სკვერში, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა, ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე გასეირნება 150 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.
ამავე ნორმის თანახმად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შინაურ ცხოველთან ერთად მგზავრობა დაუშვებელია საბლის ან ალიკაპის გარეშე, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის გადაყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური სატარებელი კონტეინერის გამოყენებით.
აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, 150-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.