სიახლეები
19 თებერვალი
2016

კიდევ ერთი ურთულესი ოპერაცია და გადარჩენილი სიცოცხლე!

2016 წლის 7 თებერვალს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაუკავშირდა მოქალაქე ნინა მურადაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ წერეთლის გამზირზე, კერძოდ გამოფენის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება მიუსაფარი ძაღლი, რომელსაც მუცლის არეში აქვს ძალიან დიდი ზომის წანაზარდი, არის შეუძლოდ და ესაჭიროება დახმარება. მობილური ჯგუფი გამოცხადდა მისამართზე, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ მოხდა მისი გადაყვანა მუნიციპალურ თავშესაფარში. ლაბორატორიული კვლევისა და ვეტერინარის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ძაღლს მუცლის ღრუში დიდი ზომის წანაზარდის სახით აქვს სიმსივნე. მიუხედავად ცხოველის ასაკისა თავშესაფრის პერსონალმა მიიღო ურთულესი ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება, რომელიც 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. კვალიფიციური ჯგუფის ძალისხმევას უშედეგოდ არ ჩაუვლია - ძაღლს სიცოცხლე შეუნარჩუნდა. ამჟამად მეტისი სახელად - „ჯინა“ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მას ყოველდღიურად უმუშავდება ჭრილობა და პოსტოპერაციული პერიოდის გასვლის შემდეგ უკვე „მიკედლებულის“ სტატუსით დაუბრუნდება ბუნებრივ არეალს. სააგენტო მადლობას უხდის ინიციატორს დროული შეტყობინებისათვის, მუნიციპალური თავშესაფრის პერსონალს კი ოპერაციის წარმატებულად ჩატარებისთვის- ერთად ვიზრუნოთ ცხოველებზე!