სიახლეები
10 აგვისტო
2016

ეს საყვარელი წითური მეტისი ტასოა.

ეს საყვარელი წითური მეტისი ტასოა. გვინდა მისი ისტორია გიამბოთ... ის მუნიციპალურ თავშესაფარში არაერთხელ მოხვდა. პირვrელად, როდესაც პატრონს დაუბრუნდა იმედი გვქონდა იგივე მდგომარეობაში აღარ ჩავარდებოდა, თუმცა ტასო ისევ ქუჩაში აღმოჩნდა შემდეგ კი - თავშესაფარში. ერთხელ გაჩუქდა კიდეც, მაგრამ ისევ ქუჩას შემდეგ ისევ მუნიციპალურ თავშესაფარს დაუბრუნდა. ტასოს ყველა თანამშრომელი იცნობს, საოცრად მოსიყვარულე და თბილი ძაღლია, ამიტომაც როდესაც მისი ბუნებრივ არეალში გაშვების დღე დადგა ის მთელმა პერსონალმა გააცილა. ტასო სააგენტოს (112) მანქანით ბუნებრივ არეალში დასაბრუნებლად წაიყვანეს, ხათუნა მომვლელმა კი ალბათ მერამდენედ მოიწმინდა ცრემლი და ყველა თანამშრომელთან ერთად თავის საქმიანობას დაუბრუნდა, მაშინ არავის უფიქრია, რომ იგივე მანქანით იმ დღესვე მობრუნდებოდა. სააგენტოს ეკიპაჟმა, რომელმაც ძაღლი ბუნებრივ არეალში გაუშვა რამდენიმე წუთში შეამჩნია, რომ ტასო მანქანას მოსდევდა. პირველივე გზაჯვარედინზე, რომელზეც ეკიპაჟი გაჩერდა ძაღლი მანქანის კართან მივარდა და ყეფა დაიწყო , რის შემდეგაც მობილურმა ჯგუფმა ის უკან მოიყვანა. ასე იცხოვრა ტასომ თავშესაფარში რამდენიმე თვე, სანამ არ გამოჩნდა ანა დავითაშვილი, რომელიც მის სანახავადა ხშირად სტუმრობდა მუნიციპალურ თავშესაფარს, ეს სწორედ ის ადამიანია, რომელმაც ტასოს ნამდვილი თბილი სახლი აჩუქა. ახლა ეს წითური ოთხფეხა მეგობარი ბედნიერად ცხოვრობს ერთგულ პატრონთან. სააგენტოს თანამშრომლები მას ახალ ოჯახში ესტუმრნენ - ერთგულება ერთგულებს!