სიახლეები
05 აპრილი
2018

სამი გადარჩენილი ცუგას ამბავი

https://www.facebook.com/AdminAMA/?hc_ref=ARQxaX2YKzQ2kX5WkaYqoRLMu8f1sXSL_kAV53etGqWHb7HcggD0cPnRaMNKi4huWUc&fref=nf

დღეს სამი გადარჩენილი ცუგას ამბავი უნდა მოგიყვეთ...

დილა შემაშფოთებელი ამბით დაიწყო - ადიდებულ მტკვარში თაფლისფერი მეტისი ჩავარდნილიყო. როგორ აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში, თვითონ გადავარდა თუ ვინმემ გადააგდო, გაურკვეველია. როგორც ჩანს, ცუგამ დინებას სძლია და მტკვრის ნაპირთან პატარა შეჭრილ ადგილს შეაფარა თავი. ჩვენს სამაშველო ჯგუფს სწორედ ამ მდგომარეობაში დახვდა. გადატანილი სტრესის გამო, ძალიან აგრესიულად შეხვდა მაშველებს. ეკიპაჟმა ერთი საათის შემდეგ ძაღლი მდინარიდან უვნებლად ამოიყვანა. ამოყვანისას მაშველის უსაფრთხოების მიზნით ცუგას პირი შეკრული ჰქონდა. შემდეგ კი მოხსნეს, გაამშრალეს, გაათბეს და დროებით ჩვენს თავშესაფარში გადამოიყვანეს. ცუგა გასტერილებულია და სურვილის შემთხვევაში გაჩუქდება. გთხოვთ, მსურველები გამოგვეხმაუროთ.

მეორე ამბავი ბეთლემის აღმართის N 11-ში სახლის სახურავზე დაიწყო. ორი ხვადი სახურავზე ასულიყო, თუმცა ერთ-ერთი ვეღარ ჩამოვიდა და შველას ყეფით ითხოვდა, მეორე შავი ხვადი თამამად დახტოდა სახურავზე, ქვემოთაც ჩამოდიოდა და ისევ ზემოთ ბრუნდებოდა. ბოლოს მეგობარს სოლიდარობა გამოუცხადა და გვერდით მიუჯდა. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ოპერატიულმა ჯგუფმა მეტისი ჩამოიყვანა და 112-ის მანქანაში ჩასვა, შავი ხვადი მეგობარს თავშესაფარშიც გაჰყვა. სტერილიზაციის და რეაბილიტაციის შემდეგ ორივე მათგანი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ არეალს.

რაც შეეხება მესამე ფაქტს, ლეონიძის ქუჩაზე, ე.წ. კიროვის ქარხნის ტერიტორიის მიმდებარედ მოხდა. 4 მეტრის სიღრმის დამშრალ აუზში ცუგა ჩავარდნილიყო და მრავალგზის მცდელობის მიუხედავად ამოსვლას ვერ ახერხებდა. განსაცდელში მყოფი ძაღლის შესახებ ამავე ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანებმა გვაცნობეს. ჩვენი სამაშველო ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა და ცუგა აუზიდან ამოიყვანა. დაკვირვების მიზნით ისიც თავშესაფარში გადაიყვანეს, დღის ბოლოს კი თავის უბანს დაუბრუნდება.