სიახლეები
14 აპრილი
2018

კისტის თოფით კიდევ ერთი მიუსაფარი ძაღლი მოკლეს

ბოლო მსგავსი შემთხვევიდან ჯერ ორი კვირაც არ გასულა და თბილისში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტი ისევ განმეორდა. რამდენიმე წუთის წინ კისტის თოფით დაჭრილი კიდევ ერთი მეტისი დაიღუპა.
ავჭალაში, ლიბანის ქუჩის N19-ში ბავშვებმა სისხლის გუბეში მწოლიარე შავი ფერის ძაღლი შენიშნეს. მას მუცლის არეში ერთი შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟი, ასევე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. დაჭრილი ცხოველი გადაუდებელი ვეტერინარული დახმარებისათვის გადაიყვანეს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც მას სასწრაფოდ გაუკეთდა ოპერაცია. ვეტერინარების თქმით, მას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები და ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული. მეტისის მდგომარეობა კრიტიკული იყო და რამდენიმე საათის განმავლობაში ის ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ თავშესაფრის ვეტერინარების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მოსახლეობის თქმით, ის დაბადებიდან ამ ქუჩაზე ცხოვრობდა, ძალიან მეგობრული იყო და ადამიანებს ენდობოდა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გმობს აღნიშნულ ფაქტს და მოუწოდებს მოსახლეობას, ხელი შეუწყოს სააგენტოს ცხოველებზე ზრუნვაში.