სიახლეები
21 მაისი
2018

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ცხოველების ბაზრობაზე ცხოველთა მოვლა-პატრონობის პირობები განმეორებით შეამოწმა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დიღმის მასივში არსებულ ე.წ. ცხოველების ბაზრობაზე გასაყიდად გამოყვანილი ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობების კანონთან შესაბამისობა განმეორებით შეამოწმა. ამჯერად სამართალდარღვევის ერთი ფაქტი გამოვლინდა, კერძოდ, სააგენტოს რეაგირების ჯგუფმა დააჯარიმა მოქალაქე, რომელიც არარეგისტრირებული ცხოველებით ვაჭრობდა.

ცხოველებით მოვაჭრეები სააგენტომ პირველად 5 მაისს, მოქალაქეთა შეტყობინების საფუძველზე შეამოწმა. შედეგად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N7-28 დადგენილებით განსაზღვრული, ცხოველის შენახვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის 7 ფაქტი გამოვლინდა, რომელთა შემთხვევაში მეპატრონეებმა კანონით განსაზღვრულ ვადაში არ დაარეგისტრირეს ცხოველები, არ უზრუნველყვეს მათი სათანადო კვება-დაწყურვება და შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შექმნა. პირველი შემოწმების შემდეგ, სააგენტო პერიოდულდ ახორციელებდა ცხოველების ბაზრობის მონიტორინგს და ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობების გაუმჯობესების მიზნით, მოვაჭრეებს ზეპირ კონსულტაციას უწევდა.