სიახლეები
03 ივლისი
2018

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მეთხუთმეტე სამაშველო ეკიპაჟმა რამდენიმე შინაური ცხოველი გადაარჩინა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მეთხუთმეტე სამაშველო ეკიპაჟისათვის სამუშაო დღე აგლაძის ქუჩაზე საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნილი ლეკვის შესახებ შემოსული ინფორმაციით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე გასულმა მაშველებმა 5-6 მეტრის სიღრმის ჭიდან ლეკვი ამოიყვანეს, რომელიც საკმაოდ დასუსტებული იყო. ლეკვი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თავშესაფარში გადაიყვანეს და კვლავ ბუნებრივ არეალში დააბრუნეს. 
შემდეგი გამოძახება გლდანის პირველ მიკრორაიონში ლიფტის კარში გაჭედილ კნუტს შეეხებოდა. ის მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს და კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააბრუნეს. 
კიდევ ერთი გამოძახება ლილოს დასახლებიდან დაფიქსირდა, სადაც ერთ-ერთ საკანალიზაციო ჭაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჩავარდა. ადგილზე მისულმა მაშველებმა რამდენიმესაათიანი მცდელობის შემდეგ, 3-4 მეტრის სიღრმის ჭიდან პირუტყვი მძიმე ტექნიკის დახმარებით ამოიყვანეს. 
ამის შემდეგ, მეთხუთმეტე სამაშველო ეკიპაჟმა ორი ტრავმირებული მეტისი რეაბილიტაციისათვის თავშესაფარში გადაიყვანა. დღის ბოლოს კი, შალიკაშვილის ქუჩაზე, ღობეში გაჭედილი ძაღლი გაათავისუფლეს.