სიახლეები
25 ივლისი
2018

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველები გადამზადებას გადიან

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟები, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ბაზაზე, ინტენსიური სწავლების კურსს გადიან. აღნიშნული კურსი მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე, სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით ფიზიკურ მომზადებას. პრაქტიკული სწავლების ნაწილი საველე პირობებშიც მიმდინარეობს.

მიმდინარე წვრთნებში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია, ქალაქ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისის თავმჯდომარის მოადგილესთან, ლევან ჯაფარიძესთან ერთად იღებს მონაწილეობას.

სააგენტოს დირექტორის თქმით, სამაშველო ოპერაციების ჩატარებამ, ბოლო პერიოდში, ბევრად უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო და სააგენტოს ეკიპაჟების საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდა.

,,მიმდინარე წვრთნების ფარგლებში, ჩვენი მაშველები სხვადასხვა საგანგებო სიტუაციებში მოქმედების ნორმებს შეიწავლიან და სამთო-სამაშველო აღჭურვილობის გამოყენების წესებს, სიმაღლიდან თოკზე დაშვებასა და წყალზე სამაშველო ოპერაციების ჩატარების ტექნიკებს აითვისებენ. ამასთან, უახლოეს მომავალში სააგენტო აღნიშნულ ეკიპაჟებს შესაბამისი აღჭურვილობითა და რესურსებით სრულად უზრუნველყოფს“ - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

ქალაქ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისის თავმჯდომარის მოადგილემ - ლევან ჯაფარიძემ სააგენტოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სააგენტოს ახალი მმართველი გუნდი მაქსიმალურად ზრუნავს თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით, სააგენტოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც, სააბოლოო ჯამში, ქალაქში ცხოველების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აისახება.

ნებისმიერ მოქალაქეს, გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში შეუძლია დარეკოს 112-ზე და სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟები ცხოველს შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ. მხოლოდ გაზაფხულზე მაშველებმა 111 მიუსაფარი ცხოველი გადაარჩინეს.