სიახლეები
02 აგვისტო
2018

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟებს სერტიფიკატები გადაეცათ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟებს ინტენსიური მომზადების კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. ცერემონია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ბაზაზე ჩატარდა.

მაშველებს, რომლებმაც ინტენსიური მომზადების კურსი წარმატებით გაიარეს, სერტიფიკატები ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ სირაძემ და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ვახტანგ ჭედიშვილმა გადასცეს.

ღონისძიებაზე, სააგენტოს მაშველებმა სპეციალური სამთო-სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით სწავლების დემონსტრირებაც მოახდინეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ვახტანგ ლომჯარიას თქმით, სამაშველო ოპერაციების ჩატარება სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდა და ბოლო დროს განსაკუთრებით მასშტაბური ხასიათი მიიღო.

„სამაშველო ეკიპაჟები ყოველდღიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში მზად არიან შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ გასაჭირში მყოფ ცხოველს. ამ პროცესში, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თავად მაშველის უსაფრთხოება და შემდეგ ოპერაციის წარმატებით დასრულება“, - აღნიშნა ვახტანგ ლომჯარიამ.

მაშველების ინტენსიური მომზადების კურსი მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მომზადდა და მოიცავდა როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე, სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით ფიზიკურ მომზადებას. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველები საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ანალიზისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ გადამზადდნენ.

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალს დღეს, ასევე, ესწრებოდნენ საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძე და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია.