სიახლეები
27 აგვისტო
2018

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა კიდევ ცხრა მიუსაფარი ცხოველი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა, მოქალაქეების შეტყობინების შედეგად, კიდევ ცხრა მიუსაფარი ცხოველი გადაარჩინეს.

მაშველებმა უსაფრთხოდ გამოიყვანეს მუხიანის მეოთხე მიკრორაიონის 38-ე კორპუსის კედელში გაჭედილი მეტისი, რომელიც ტანით მე-9 სართულის სიმაღლიდან იყო გადმოკიდებული. ძაღლი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თავშესაფარში გადაიყვანეს. ვეტერინარების თქმით, ის სრულიად ჯანმრთელია და მალე დაუბრუნდება ბუნებრივ არეალს.

სამაშველო ეკიპაჟმა სატვირთო ავტომანქანის საბურავებს შორის გაჭედილი კნუტიც გამოიყვანა და სამტრედიისა და ჭელიძის ქუჩებზე საკანალიზაციო ჭებში ჩაცვენილ ორ ლეკვსა და ერთ კატას დახმარება აღმოუჩინა.

მაშველებმა კიდევ 4 კნუტის გადარჩენა მოახერხეს. ორი მათგანი ლიფტის შახტიდან ამოიყვანეს, ერთს ხიდან ჩამოსვლაში დაეხმარნენ, ხოლო სულ ბოლო შემთხვევა ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდა - თემქის მეოთხე მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საჰარეო მილიდან ამოყვანილი კნუტი, ამავე კორპუსის მაცხოვრებელმა იჩუქა, რომელიც მაშველებს მის გადარჩენაში რამდენიმე საათის განმავლობაში ეხმარებოდა.