სიახლეები
28 თებერვალი
2019

საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მორიგი საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ჩაატარა.

გაკვეთილს მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომელთაც მიუსაფარი ცხოველების უფლებების, პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია ინტერაქტიულ რეჟიმში მიიღეს.

მოსწავლეებმა დაკარგული ცხოველების საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, თავშესაფრიდან მათი აყვანის მნიშვნელობასა და პატრონის ვალდებულებებზე ისაუბრეს. ბავშვებმა მიუსაფარი ცხოველების შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმებიც ნახეს და მათდამი საზოგადოების დამოკიდებულებზე დისკუსია გამართეს.

მოსწავლეებმა ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის მუშაობის თაობაზე ინფორმაცია მიიღეს და თავშესაფარში სტუმრობის სურვილიც გამოთქვეს. მათ თავიანთი ცხოველების შესახებ პრეზენტაცია და ნაშრომი ,,ადამიანის ერთგული მეგობრები“ წარმოადგინეს.

საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.