სიახლეები
04 აპრილი
2019

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მსოფლიოს მიუსაფარ ცხოველთა დღე აღნიშნა

მსოფლიოს მიუსაფარ ცხოველთა დღე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ თავშესაფრის ბინადრებთან ერთად აღნიშნა.

ღონისძიების ფარგლებში, თავშესაფარის ტური და ცხოველების გაჩუქების აქცია მოეწყო. 


ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ სააგენტოს საქმიანობის ანგარიში წარადგინა, მიუსაფარი ცხოველების პრობლემებსა და მათდამი სასტიკად მოპყრობასთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრა.


ამასთან, სააგენტოს დირექტორმა საზოგადოებას თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და ადამიანებისა და ცხოველების მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 


სააგენტომ ბავშვებში სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, ცხოველების პატარა მოყვარულებს სტატუსი - ,,ცხოველების მეგობარი“ მიანიჭა და სერტიფიკატები გადასცა. 
ბავშვებმა ძაღლების გასეირნებაში, კატებისათვის განკუთვნილი ბუნაგის მოწყობაში, ლეკვებისა და კნუტების გამოკვებასა და სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. 


ღონისძიებას საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თვამჯდომარე ერეკლე კუხიანიძე, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, ისნის, კრწანისისა და დიდუბის რაიონების გამგებლები, პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მასწავლებლები, თავიანთ მოსწვლეებთან ერთად და თავშესაფრიდან აყვანილი ცხოველების პატრონები ესწრებოდნენ.