სიახლეები
31 მაისი
2019

დედაქალაქის მასშტაბით ტერიტორიები ქვეწარმავლების დამაფრთხობელი ხსნარით მუშავდება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ტემპერატურის მატებასთან ერთად, დედაქალაქის მასშტაბით, ტერიტორიების რეპელენტით (ქვეწარმავლების დამაფრთხობელი ხსნარით) დამუშავება დაიწყო. ამჯერად, სპეციალური ხსნარით ლისის ტბის მიმდებარე პერიმეტრი დამუშავდა.

სააგენტოს საქმიანობის მიზანია, ერთი მხრივ, მოსახლეობის დაცვა ქვეწარმავლებისაგან მომდინარე საფრთხისაგან და მეორე მხრივ, ქალაქის ტერიტორიაზე მოხვედრილი ქვეწარმავლების უსაფრთხოდ დაჭერა და მათი ნაკრძალებსა და დაცულ ტერიტორიებზე დაბრუნება. დედაქალაქში მოხვედრილი გველები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არაშხამიანი და სრულიად უსაფრთხოა.

სააგენტო, დედაქალაქის მასშტაბით, ტერიტორიების რეპელენტით დამუშავებას ყოველწლიურად, ტემპერეტურის მატებასთან ერთად იწყებს.

ამასთან, მოქალაქეებს გველის შემჩნევის შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე - 032 2 421 424 და სააგენტოს ჰერპეტოლოგები ოპერატიულად მოახდენენ რეაგირებას.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გასულ წელს რეპელენტით 277 ჰექტარი ფართობის ტერიტორია დაამუშავა და გამოძახების საფუძველზე 478 ქვეწარმავალი დაიჭირა, რომლებიც შემდეგ ბუნებრივ არეალში დააბრუნა.

წელს კლიმატური პირობების არასტაბილურობისა და შედარებით დაბალი ტემპერატურიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით გამოძახებების რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებულია.