სიახლეები
07 ივნისი
2019

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მორიგი საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი თბილისის 71-ე საჯარო სკოლაში ჩაატარა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ორგანიზებით, მორიგი საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი თბილისის 71-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა. გაკვეთილს მესამე კლასის 50-მდე მოსწავლე ესწრებოდა.
 
ბავშვებმა ინტერაქტიულ რეჟიმში მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
  • რას ნიშნავს ცხოველის კეთილდღეობა;
  • რა უფლებები აქვს ცხოველს;
  • მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;
  • რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე“;
  • რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე;
  • რა პასუხისმგელობა აქვს ცხოველის პატრონს;
  • როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;
  • ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;
  • მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები.
 
მოსწავლეებმა ერთმანეთს ქუჩის ცხოველებისადმი მზრუნველობის საკუთარი მაგალითები გაუზიარეს და მათ საჭიროებებზე იმსჯელეს.
 
 
გაკვეთილის ფარგლებში, ბავშვებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და პატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება.
 
საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენცია, მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.
 
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების შესახებ გაკვეთილების ჩატარებას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს.
 
თქვენს სკოლაში აღნიშნული გაკვეთილების ჩატარების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები!
 
ერთად შევუწყოთ ხელი მოზარდებში ცხოველებისადმი ჯანსაღი და ჰუმანური განწყობის ჩამოყალიბებას.