სიახლეები
30 ივლისი
2019

სააგენტომ გლდანის რაიონში მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლი დადგა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გლდანის რაიონში, მე-5 მიკრორაიონის მე-17 კორპუსის მიმდებარე სკვერში მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლი დადგა. 

აღნიშნული ქმედებით, სააგენტო რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც ბავშვები ტრანსფარანტით - ,,ჩვენ გვიყვარს ძაღლები“ გამოვიდნენ და მათ მზრუნველობის ქვეშ მყოფ ძაღლებს სახლი მიუტანა.

სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ და გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, ცხოველების პატარა მოყვარულებს, მათი სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, სერტიფიკატები გადასცეს და სტატუსი - ,,ცხოველების მეგობარი“ მიანიჭეს.

გლდანის რაიონში მე-17 კორპუსის მიმდებარე სკვერში ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობის თანხმობით, ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, არსებული სივრცე გაფართოვდა და აქ სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ზონებთან ერთად, ძაღლებისათვის სპეციალური გასასეირნებელი სივრცე მოეწყობა.