ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შინაური ცხოველების მასიური ანტირაბიული (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია ჩაატარა.
სააგენტოს ავტომობილი, დედაქალაქის მასშტაბით, ათ მისამართზე მივიდა და ოთხფეხა პაციენტებს ერთ მისამართზე საათნახევრის განმავლობაში ემსახურებოდა.
ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის ხელსაყრელ მისამართზე მიეყვანათ ცხოველი და მისთვის ანტირაბიული ვაქცინაცია უფასოდ ჩაეტარებინათ.
ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ცხოველს წელიწადში ერთხელ უნდა გაუკეთდეს, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ჩატარდა. სააგენტომ მიმდინარე წელს ანტირაბიული ვაქცინაცია 5042 ცხოველს ჩაუტარა.
ანტირაბიული ვაქცინაცია და შემდეგ ყოველწლიური რევაქცინაცია, როგორც ძაღლებისა და კატებისათვის ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისათვის, ასევე, ვირუსის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს.