მაშველებმა კორპუსის საჰაერო მილიდან კნუტები გამოიყვანეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ავჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის საჰაერო მილში ჩავარდნილი ორი კნუტი გამოიყვანეს.
როგორც ჩანს, კნუტები საჰაერო მილში კორპუსის სხვენიდან ჩაცვივდნენ და მოსახლეობას მათი ხმა ორი დღის განმავლობაში ესმოდა, თუმცა ცხოველების ადგილმდებარეობის დადგენას ვერ ახერხებდნენ.
მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მათი მდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს და ცემენტის მტვერში ამოვლებული კნუტები, მე-5 და მე-8 სართულებზე კედლის გამონგრევის შემდეგ, საჰაერო მილიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს. კნუტებზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა ადგილობრივმა მოსახლეობამ აიღო.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, სამომავლოდ აღნიშნული შემთხვევების თავიდან აცილება ძალიან მარტივი საშუალებით, კორპუსის სახურავსა და სხვენში საჰაერო მილებისათვის რკინის ბადის დაფარებით არის შესაძლებელი.