ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ქალაქ თბილისის 106-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა, რომელსაც მე-3 კლასის 30-მდე მოსწავლე, კლასის დამრიგებელი და სკოლის სასწავლო ნაწილი ესწრებოდა.
მოსწავლეებმა ცხოველების კეთილდღეობის, სტატუსის, უფლებებისა და უნარ-ჩვევების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, მიუსაფარი ცხოველებისათვის დახმარების აღმოჩენის აუცილებლობაზე იმსჯელეს და პატრონის ვალდებულებებზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე, თავშესაფრიდან ცხოველის აყვანის, პატრონის მიერ ძაღლის მიტოვების შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და მათ მიერ დანახულ პრობლემატიკაზე იმსჯელეს.
ბავშვებმა ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში სტუმრობის სურვილიც გამოთქვეს და ერთმანეთს საკუთარი ცხოველების შესახებ მაგალითები გაუზიარეს.
გაკვეთილის ბოლოს განსაკუთრებულად გამორჩეულ მოსწავლეებს, რომლებიც მიუსაფარი ცხოველებისადმი მზრუნველობით გამოირჩეოდნენ, სააგენტოს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს და მიანიჭეს სტატუსი - "ცხოველების მეგობარი". ამავე სკოლაში მოსწავლეების სოციალური პასუხისმგებლობის აღნიშნული ფორმით წახალისებას სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს.
საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.