ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ მორიგი საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი კერძო სკოლაში ,,აკადემოსი“ ჩაატარა. გაკვეთილს დაწყებითი საფეხურის 50-მდე მოსწავლე, სკოლის დირექციასა და პედაგოგებთან ერთად ესწრებოდა.
მოსწავლეებმა შინაური ცხოველების კეთილდღეობის, სტატუსის, უფლებებისა და უნარ-ჩვევების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, პატრონის ვალდებულებებზე იმსჯელეს და მიუსაფარი ცხოველებისათვის დახმარების აღმოჩენის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ბავშვებმა ერთმანეთს თავიანთი შინაური ცხოველები გააცნეს და მათი მოვლა-პატრონობის შესახებ მაგალითები გაუზიარეს.
გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეებმა თავშესაფრიდან ცხოველის აყვანის, პატრონის მიერ ძაღლის მიტოვების შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და მსგავს პრობლემატიკაზე იმსჯელეს.
გაკვეთილის ბოლოს, მიუსაფარი ცხოველებისადმი განსაკუთრებული მზრუნველობით გამორჩეულ მოსწავლეებს, მოტივაციის ამაღლების მიზნით, სააგენტოს დირექტორმა სერტიფიკატები გადასცა და სტატუსი - "ცხოველების მეგობარი" მიანიჭა. ამავე სკოლაში მოსწავლეების სოციალური პასუხისმგებლობის აღნიშნული ფორმით წახალისებას სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს.
საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, მოზარდებში ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენცია, შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.