სიახლეები
11 დეკემბერი
2019

კერძო სკოლაში ,,ახალ თაობა“ შინაური ცხოველების შესახებ გაკვეთილი ჩატარდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შინაური ცხოველების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები თბილისის კერძო სკოლაში ,,ახალი თაობა“ ჩაატარა. გაკვეთილებს მე-2, მე-3 და მე-5 კლასების მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად ესწრებოდნენ.

მათ ინტერაქტიულ რეჟიმში მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: რას ნიშნავს ცხოველის კეთილდღეობა; რა უფლებები აქვს ცხოველს; მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები; რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე“; რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე; რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს; როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში; ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები; მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები.

ბავშვებმა მიუსაფარი ცხოველების შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და ერთმანეთს საკუთარი ცხოველების შესახებ მაგალითები გაუზიარეს.

გაკვეთილის დასასრულს იმ მოსწავლეებს, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩეოდნენ მიუსაფარი ცხოველებისადმი მზრუნველობით, სააგენტოს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს და სტატუსი - ,,ცხოველების მეგობარი“ მიანიჭეს.

საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.