თბილისის 147-ე საჯარო სკოლაში შინაური ცხოველების შესახებ გაკვეთილი ჩატარდა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ორგანიზებით, მორიგი საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ქალაქ თბილისის 147-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა. გაკვეთილს მესამე კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებელთან ერთად ესწრებოდნენ.
ბავშვებმა ინტერაქტიულ რეჟიმში მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: რას ნიშნავს ცხოველის კეთილდღეობა; მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები; რა უფლებები აქვს ცხოველს; შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები და პატრონის ვალდებულებები; მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები; მოსწავლეებმა ერთმანეთს ქუჩის ცხოველებისადმი მზრუნველობის საკუთარი მაგალითები გაუზიარეს. ხოლო იმ მოსწავლეებს, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩეოდნენ მიუსაფარი ცხოველებისადმი მზრუნველობით, სააგენტოს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს და სტატუსი - ,,ცხოველების მეგობარი“ მიანიჭეს.
გაკვეთილის ფარგლებში, ბავშვებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და პატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება.
საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენცია, მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულების ჩამოყალიბება.