საქველმოქმედო ფონდში „კარიტასი“ სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრში შემეცნებითი სემინარი ჩატარდა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, თბილისის მერიის ა(ა)იპთან - ,,ჩემი ადვოკატი“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქველმოქმედო ფონდ „კარიტასის“ სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრში შემეცნებითი სემინარი ჩაატარა.
ღონისძიების ფარგლებში, ბავშვები გაეცნენ ინფორმაციას მოქმედი კანონმდებლობისა და ცხოველთა მიმართ სწორი მოპყრობის მნიშვნელობის, ასევე, ვანდალიზმისა და გარემოს დაბინძურების საკითხების სამართლებრივი ასპექტების შესახებ.
სემინარის განმავლობაში, მოსწავლეებმა შინაური ცხოველების კეთილდღეობისა და უფლებების შესახებ, ასევე, მათ პრობლემებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს. ბავშვებმა ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები განიხილეს და ცხოველების მეპატრონეების მოვალეობებზე გაამახვილეს ყურადღება.
სემინარს დღის ცენტრის 8-დან 16 წლამდე 50-მდე ბენეფიციარი ესწრებოდა.
ღონისძიების მიზანს მოზარდებში ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენცია, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.