ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, N7 და N20 საცხოვრებელ კორპუსებს შორის მდებარე პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი კვების აპარატი დადგა.
კვების აპარატში პლასტმასის 0,5-ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისთვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველებს დაწყურების საშუალება მიეცემათ. კვების აპარატი რეციკლირების პროცესს უწყობს ხელს და მუშაობისთვის მზის ენერგიას იყენებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საგანგებო მდგომარეობის დროს მიუსაფარ ძაღლებსაც მიექცეს ყურადღება. ვითანამშრომლეთ „ზოომარტთან“, რომლის დამფუძნებლის, თორნიკე ელიზბარაშვილის დახმარებით, გვაქვს ძაღლის 5 ტონა საკვები, რომელიც მიმკედლებლებს გადაეცემა. ვფიქრობთ, მათი რიცხვი დაახლოებით, 400-მდე იქნება და ამ პერიოდში, როდესაც ყველა სავაჭრო ობიექტი დაკეტილია, თითოეული მიუსაფარი ძაღლის კვების პრობლემა გადაწყვეტილი იქნება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, მიუსაფარი ძაღლების გამოკვების გარდა, აღნიშნული პროექტი ნარჩენების გადამუშავებასაც ემსახურება.
„გლდანის VI მიკრორაიონში არსებულ პარკში დღეს ძაღლების საკვები აპარატი დავდგით, რომელშიც ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, საკვები ჩამოიყრება. ეს აქცია ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რადგან საგანგებო სიტუაციის გამო ნაწილობრივ მოიშალა ის სისტემა, რომლითაც მოქალაქეები სამსახურთან არსებულ ცხოველებს კვებავდნენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საკვები და საკვების ნარჩენები გავუნაწილოთ ცხოველებს, რომლებიც ჩვენს სახლებთან და სამსახურებთან არიან. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტი ემსახურება ნარჩენების გადამუშავებასაც“, - აღნიშნა ვახტანგ ლომჯარიამ.
აპარატების დადგმის ინიციატივა პროექტის - „შენი იდეა ქალაქის მერს“ ერთ-ერთ გამარჯვებულს, გიორგი ხავთასს ეკუთვნის. იდეა თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ განახორციელა.
გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მდებარე პარკი მეოთხე ლოკაციაა, სადაც სააგენტომ ქუჩის ბინადარი ძაღლების გამოსაკვებად შესაბამისი აპარატები განათავსა. აქამდე, მსგავსი ტიპის აპარატი რიყის პარკში, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკსა და ვერის ბაღში დაიდგა.
აპარატების საკვებით მომარაგება კომპანია „ზოომარტის“ დამფუძნებელმა, თორნიკე ელიზბარაშვილმა უზრუნველყო, რომელმაც სოციალური პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ აიღო და სააგენტოს მიუსაფარი ძაღლების გამოსაკვებად განკუთვნილი საკვები გადასცა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აღნიშნულ საკვებს თავის მხრივ, ცხოველების მიმკედლებლებსა და მათზე მზრუნველ მოქალაქეებს მიაწვდის.
საკვები აპარატის მუშაობას თბილისის მერის მოადგილესთან ერთად, გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ.